იას უთხარით ტურფასა - განხილვა

„იას უთხარით ტურფასა“ ამაოებისა და სიკვდილის უძლეველობის საკითხს ეძღვნება. გაისმის  სოლომონ ბრძენი „ეკლესიასტეს“ ცნობილი მოტივი „ამაოება ამაოთა“. ხალხური ლექსიც „იმასაც მოკლედ უვლია“ გაგვახსენდება სიტყვებით: „ზოგს ჭია შეჭამს“…  რითმაც ხალხური გამოუყენებია პოეტს, თუმცა ვაჟას სათქმელი და იდეა სხვაა. მწერალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ცნობილ სწავლებას: „გახსოვდეს სიკვდილი“, რადგან სიცოცხლით ტკბობა ხშირად გვავიწყებს ჩვენი ყოფის წარმომავლობას.ადამიანი ემსგავსება „ბალავარიანის“ იგავის პერსონაჟს, თავის გადასარჩენად ხეზე რომ ავიდა, მაგრამ სკიდან ჩამოწვეთილი თაფლის სიტკოებამ დაავიწყა, პირდაღებული ვეშაპი ჩასანთქმელად რომ ელოდებოდა. თეთრი და შავი თაგვი კი ხეს ძირს უთხრიდნენ. ყოველ წუთს შეიძლებოდა სიკვდილის ხახაში აღმოჩენილიყო ბედკრული დევნილი…
ვაჟას იასაც „თავი მოხდენით აუღია“, სიცოცხლეს სამოთხის ღია კარად მიიჩნევს. მწერალი სინანულით შენიშნავს: „განა სულ მუდამ მზეაო?!“ ლამაზი ია სასიკვდილოდ არ ემატება, მაგრამ უფრო მეტად უცებადი, გაუაზრებელი სიკვდილისათვის ენანება.
გადმოგვცემენ, რომ ეს ლექსი მწერალს საყვარელი მეუღლის დაღუპვის გამო დაუწერია. კეკეც მოულოდნელად გარადაიცვალა, თანაც გაუფრთხილებლობით, რამდენიმე თვის ფეხმძიმეს დიდი ტვირთის წამოკიდების გამო მუცელი მოსწყდა და ვეღარ გადაარჩინეს. იასავით ლამაზი და პატარა ქალი ქმრისგან დაუტირებელი წავიდა ამ ქვეყნიდან. ვაჟა, ბიოგრაფთა თქმით, კახეთში ყოფილა სანადიროდ, ეს ამბავი რომ მომხდარა. რადგან მაინც ვერ ჩამოუსწრებდა, უიმისოდ დაუსაფლავებიათ.
ლექსის მიზანი, განბრჭობითა და დაინჯებით შევაფასოთ სიცოცხლეცა და სიკვდილიც, მართლაც, ამ მოვლენის გამოძახილი გვგონია. რაც შეეხება ლექსის ფორმას, ისიც დიდად შეესატყვისება პოეტის თავგადასავალს: „იას უთხარით ტურფასა“ ორ ნაწილად იყოფა. პირველში სხვათა შუამავლობით მოუწოდებს პოეტი იას სიფხიზლისა და თითოეული ნაბიჯის  გაანალიზებისაკენ. იქნებ არც ღირდეს ამ ქვეყნად მოსვლა, თუ მზის ხილვით აღფრთოვანაბული, გულნატკენი, ქვითინით უნდა წახვიდე: „თუ გამაჩინე, უფალო, დიდი დღე რად არ მამეო“ („ია“). რადგან ვაჟას უშუალოდ არ აქვს თქმის შესაძლებლობა, სხვას აბარებს: „იას უთხარით, ტურფასა… განა სულ მუდამ მზეაო!“
მეორე ნაწილში პოეტი მიწას მიმართავს და იის პატრონობას, მასზე მზრუნველობას სთხოვს ისევე, როგორც საკუთარ მეუღლეზე ზრუნვას შესთხოვდა დედამიწას, ვისი ზნეც თითოეული ადამიანის
მიბარება მიწად ქცევაა. თვით იასთან გამოთხოვების შესაძლებლობა კი ვაჟა-ფშაველას არ მისცემია.