ქართული კინო

XX საუკუნის ქართული კინო ფენომენალური მოვლენა იყო, რომელმაც წვლილი შეიტანა ევროპული და საბჭოთა კინემატოგრაფიის განვითარებაში. თუმცა, ბედის ირონიით, საბჭოთა კავშირის დაშლამ ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული დაღმასვლა გამოიწვია, რასაც მეტწილად კინოც შეეწირა. ზოგის აზრით, ქართული კინო მოკვდა, თუმცა მე ამგვარი ნიცშესეული დიაგნოზი ნაადრევად მიმაჩნია.

ქართული კინემატოგრაფია და ქართველი რეჟისორები ახლა თვითგამორკვევის პროცესს გადიან. ამავე დროს, მათ ყველაფრის დაწყება სუფთა ფურცლიდან უწევთ, რადგან მათი თანამედროვე მისწრაფებების ძველ ქართულ კინოსთან პირდაპირი დაკავშირება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, ინსპირაციის საპოვნელად რეჟისორებმა სხვა მხარეს უნდა გაიხედონ. ქართული კინოინდუსტრიის უმეტესობა იაფფასიან, კომერციულ კომედიებს უკავია, თუმცა პარალელურად სერიოზულ კინოს ევროპულ და ამერიკულ გზას შორის არჩევნის გაკეთება უწევს. 

გასული ორი დეკადის მანძილზე აღარ შექმნილა ისეთი სამხედრო ფილმი, როგორიცაა „ჯარისკაცის მამა“, ისეთი ისტორიული ფილმი, როგორიცაა თუნდაც „გიორგი სააკაძე“, ანდაც ისეთი კომედია, როგორიცაა „ცისფერი მთები“, ქართულ კუთხეთა რუტინული ცხოვრების ამსახველი ფილმები კი საერთოდ წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ, იშვიათ შემთხვევებში წინ წამოიწია სხვა, უფრო თანამედროვე პრობლემებმა და თემატიკამ. შესაძლოა გასული წლების ფილმების შედევრებად მონათვლა ზედმეტად ხმამაღალი განცხადება იყოს, მაგრამ „გაღმა ნაპირისა“ და „ქუჩის დღეების“ ფონზე, ქართული კინემატოგრაფიისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა არარეალური იქნებოდა. შესაძლოა ის მართლაც იყო მკვდარი და სულ ცოტა ხნის წინ გამოიღვიძა, ანდა ეს გამოღვიძება აღმოჩნდეს უბრალოდ მისი ბოლო გაბრძოლება, მაგრამ ფაქტია რომ მას ახლა პულსი ნამდვილად ესინჯება.