წინადადება

 წინადადება შინაარსის მიხედვით ხუთი სახისაა: თხრობითი, კითხვითი, ძახილის, კითხვა-ძახილისა და ბრძანებითი.

თხრობითია წინადადება, რომელიც რაიმეს გადმოგვცემს. თხრობით წინადადებას ვიწყებთ ხმამაღლა და ვამთავრებთ ხმადაბლა. თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი იწერება. მაგ: ბავშვი გაკვეთილებს სწავლობს.

კითხვითია წინადადება, რომელიც კითხვას შეიცავს. კითხვითი წინადადება ორგავრია: კითხვითსიტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი. კითხვითსიტყვიანს კითხვის მახვილი კითხვით სიტყვაზე მოუდის, ხოლო არაკითხვითსიტყვიანს კითხვის მახვილი შემასმენლის ბოლო მარცვალზე მოუდის. წინადადების ბოლოში კითხვის ნიშანი იწერება. მაგ: სოფლიდან როდის ჩამოხვედი? ;  სოფლიდან ჩამოხვედი? ...

ძახილისაა წინადადება, რომელშიც რაიმე გრძნობაა გადმოცემული (დარდი, სიხარული, გაბრაზება... ). წინადადების ბოლში ძახილის ნიშანი იწერება. მაგ: რა კარგი ამინდია!

კითხვა-ძახილისაა წინადადება, რომელშიც რაიმე გრძნობასთან ერთად კითხვაცაა. იწერება „?!“ ნიშანი. მაგ: ეს ადამიანია?!   (ჯერ ? ხოლო შემდეგ !  - ?!).

ბრძანებითია წინადადება, რომელშიც მთქმელის სურვილი დადებითად ან უარყოფითად უნდა შესრულდეს. ამის მიხედვით წინადადება ორგავრია: წართქმითი და უკუთქმითი. უკუთქმითს აწარმოებს უარყოფითი ნაწილაკები- არ, ნურ. ბრძანებითი წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი იწერება. მაგ: დღეს წადი მასწავლებელთან! ; დღეს მასწავლებელთან არ წახვიდე! ...

შენიშვნა: ზოგადად, ქართული ენისათვის დამახასიათებელია  ზმნა-შემასმენელი წინადადების ბოლოში ვიხმაროთ.

 

 

წინადადების სახეები:

წინადადება აგებულების მიხედვით სამი სახისაა: მარტივი, შერწყმული და რთული.

 

 

მარტივი წინადადების სახეები

მარტივი გავრცობილი, მარტივი გაუვრცობელი, სრული, უსრული, უქვემდებარო და სახელდებითი.

მარტივი გაუვრცობელია წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარი წევრებისაგან შედგება. მაგ: ბავშვი გაკვეთილს სწავლობს. ბავშვი- ქვემდებარე; გაკვეთილს-პირდაპირი დამატება; სწავლობს-შემასმენელი.

გავრცობილია მარტივი წინადადება, რომელიც შედგება მთავარი და არამთავარი წევრებისაგან. მაგ: ბავშვი გაკვეთილს ბეჯითად სწავლობს. ბავშვი-ქვემდებარე; გაკვეთილს-პირდაპირი ობიექტი; სწავლობს-შემასმენელი; ბეჯითად-გარემოება;

სრულია მარტივი წინადადება, რომელსაც წევრი არ აკლია. მაგ: მოსწავლეები გაკვეთილს ყურადღებით ისმენენ.

უსრულია მარტივი წინადადება, რომელსაც ევრი აკლია და მისი აღდგენა შესაძლებელია. უსრული წინადადება ძირითადად დიალოგში გვხვდება. მაგ: შიკო, როგორ ხარ? -კარგად. (სრული იქნებოდა: კარგად ვარ).

უქვემდებაროა მარტივი წინადადება, რომელშიც ქვემდებარე არ არის და არც იგულისხმება. (უმეტესად აღნიშნავს ბუნების მოვლენებს). მაგ: თოვს;წვიმს...

სახელდებითია წინადადება, რომლის მთავარი წევრი, ქვემდებარე სახ. ბრუნვის ფორმითაა გადმოცემული.ეს ქვემდებარე ყოველთვის არსებითი სახელით ან სახელზმნითაა გადმოცემული. მაგ: ცხელი ღამე; უდაბნო... (განსაკუთრებით ნოველისტურ ჟანრში გვხვდება).

 

 

შერწყმული წინადადება

შერწყმულია წინადადება, რომელშიც შედის ორი ან ორზე მეტი ერთგვარი წევრი.

ერთგვარია წევრები, რომლებიც ერთ კითხვაზე პასუხობენ და ერთსა და იმავე წევრს მიემართებიან. მაგ: ალუბლის ტოტი ღელავს და შფოთავს. (ერთგავრშემასმენლიანი შერწყმული წინადადება).

ერთგავრი წევრების შეერთება არის უკავშირო ან კავშირიანი.  უკავშირო შეერთებისას ერთგვარ წევრებთან მძიმე იწერება.

შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების შესაერთებლად გამოყენებულია მაერთებელი კავშირის ჯგუფები. ეს ჯგუფებია: მაჯგუფებელი-და, თუ; მაპირისპირებელი-მაგრამ, რომ, ოღონდ, თუმცა, არამედ, ხოლო, ხოლო კი, ოღონდაც კი, კი არ... ; მაცალკევებელი-ან ან, ხან ხან, გინდ გინდ, თუნდ თუნდ... ; მაგ: მფრინავი წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა.

შერწყმულ წინადადებაში ერთგვარ წევრებთან ხშირად გვაქვს გამაერთიანებელი ანუ განმაზოგადებელი სიტყვა. მაგ: შინაური ცხოველებია: კატა, ძაღლი,ღორი, ძროხა. ცხოველებია- განმაზოგადებელი ანუ გამაერთიანებელია.

 

 

განკერძოებული სიტყვბი და გამოთქმები

წინადადებაში ზოგჯერ ზოგიერთი სიტყვა პაუზით გამოეყოფა დანარჩენ სიტყვებს. ასეთ სიტყვებსა და გამოთქმებს განკერძოებული სიტყვები ჰქვია. განკერძოებული სიტყვებია: განკერძოებითი განსაზღვრება, განკერძოებითი გარემოება, დანართი, ჩართული, მიმართვა, შორისდებული და მიგებითი ნაწილაკები.

განკერძოებული განსაზღვრება პაუზით გამოეყოფა საზღვრულ წევრს, წერისას კი სასვენი ნიშნით. განკერძოებულ განსაზღვრება თუკი ადგილს შევუცვლით ის ჩვეულებრივ განსაზღვრებად იქცევა და მძიმით გამოეყოფა. მაგ: სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება; შემოდგომის თბილი და სასიამოვნო საღამო იყო. - შემოდგომის საღამო იყო, თბილი და სასიამოვნო. -განკერძოება.

კლდის თავზე მდგომარე არყმა ტოტები შეარხია. - არყმა, კლდის თავზე მდგომარემ, ტოტები შეარხია.

განკერძოებული განსაზღვრება ყოველთვის ეთანხმება საზღვრულ წევრს ბრუნვაში.

მთიდან დაქანებული მდინარე უფსკრულში იკარგებოდა. - მდინარე, მთიდან დაქანებული, უფსკრულში იკარგებოდა.

განკერძოებული გარემოება თავისი მიმყოლი სიტყვებითურთ ახლავს ნებისმიერ წევრს.თუ განკერძოებული გარემოება წინადადების თავშია მის მერე მძიმე იწერება, თუ შუაშია ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა, ხოლო თუ ბოლოშია მის წინ ასევე მძიმე დაიწერება. მაგ: იგი,ჭაღარის მიუხედავად, საკმაოდ ჭაბუკურად გამოიყურებოდა.

მეც თქვენსავით მთიელი ვარ, კავკასიიდან.

ისიც აცნობდა თავის აღმოჩენებს, წყნარად და აუჩქარებლად.

დანართი ჰქვია ისეთ განკერძოებულ წევრს, რომელიც წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებით ცნობებს გვაწვდის. დანართ წევრებთან ხშირად იხმარება : ანუ, ე.ი. , ეროვნებით, სახელდობრ, მაგ. ... მაგ: ჩვენ, ირმები, ენით არ ვლაპარაკობთ.

გეგა , გვარად ლომიძე, იმერელი იყო.

აღნიშნულ დროს, ე.ი. 8-ის ნახევარზე , მიცედი თეატრში.

ზოგჯერ დანართთან გამოიყენება ტირე. მაგ: ხეებს გუნდათ დასწოლოდა ფიფქი, თოვლი -ბამბის ქულა.

ჩართული  ისეთი ცალკე მდგომი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომლითაც მოქმედი პირი გამოხატავს წინადადებაში გამოთქმულ აზრზე საჯუთარ შეხედულებას.

ჩართული ზოგჯერ შეიძლება მთელი წინადადება იყოს. ჩართული სიტყვებია: რასაკვირველია, საბედნიეროდ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უეჭველია, ჯერ ერთი, ერთი სიტყვით, თუ შეიძლება ითქვას, როგორც ზემოთ აღვნიშნე....

ჩართული უმეტესად წინადადების თავში ან შუაშია. ჩართულია ყველა საალერსო სიტყვა თუ გინება.

ყმაწვილის გული, შენი ჭირიმე, ადრეულ ყვავილს ჰგავს.

ჩართულთან სასვენი ნიშნები ისეთივე პრინციპით იწერება, როგორც დანარჩენ განკერძოებულ სიტყვებთან თუ გამოთქმებთან.

მიგებითი ნაწილაკი ორგვარია: დადასტურებითი და უარყოფითი.

დადასტურებითი ნაწილაკებია: ჰო, კი, დიახ ...

უარყოფითი ნაწილაკებია: არ, ნურ, ვერ...

მიგებითი ნაწილაკები, უმეტესად ,დიალოგშია გამოყენებული. მიგებითი ნაწილაკები, ზოგჯერ, აზრის გასაძლიერებლადაც გამოიყენება. მაგ: დავწერე, დიახ, დავწერე.

 

 

რთული წინადადება

რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადებისაგან. რთული წინადადება ორგვარია: რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი.

თანწყობილია წინადადება, რომელიც შედგება ერთიმეორის მიმართ თანასწორი წინადადებებისაგან. თანწყობილი წინადადების ნაწილების შეერთება არის უკავშირო ან კავშირიანი. თანწყობილ წინადადებაში გამოყენებულია მაერთებელი კავშირის ჯგუფები ( მაპირისიპირებელი, მაცალკევებელი, მაჯგუფებელი). ეს კავშირები შერწყმულ წინადადებაში აერთებს ორ წევრს, თანწყობილ წინადადებაში კი წინადადებებს.

გარეთ ისევ წვიმდა და შემოდგომის ქარი უბერავდა.

თანწყობილი წინადადება შეიძლება გამოხატავდეს ან მოვლენათა ერთობლიობას, ან მოვლენათა თანმიმდევრობას  და ან მოვლენათა მიზეზ-შედეგობრიობას.

მარულა გათავდა და ყაბახი დაიწყო.

ბინდი დაეშვა ენგური ჭალებზე და დაბნელდნენ გარშემო გზები.

ძირს ან გარეული ღორი ჩიჩქნიდა ფოთლებს და კვნეტდა რკოს, ან ჯაფარა ქექავდა.

დღე იყო, მაგრამ მზე გამქრალიყო.

ზოგჯერ თანწყობილი წინადადების ნაწილებს ერთიდაიგივე ზმნა აქვთ. ზმნდა ყოველთვის პირველ წინადადებაშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე წინადადებაში ზმნის ადგილას „-„ იწერება.

ზღვა არის ლურჯი ან ცისფერი, ნაპირი - რუხი, ქვიშიანი.