ზია-ხანუმისა და ალმასხიტის დახასიათება

აკაკი წერეთლის პოემაში „გამზრდელი“ ჩანს რამდენიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომლებიც სიუჟეტში არ ფიგურირებენ, თუმცა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ მის განვითარებაზე. მათ შორისაა ზია-ხანუმი, რომელსაც საფარ-ბეგი შესტრფის. ის ნაწარმოებში გვევლინება, როგორც ქედმაღალი, ამპარტავანი მანდილოსანი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეთად სწორედ საფარი ახასიათებს მას.

მთვარესავით ხელუხლები, -
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;

სხივები მისი სილამაზეა, რომელიც ბევრ კარგ ახალგაზრდას თავისკენ იზიდავს სითბოს საძიებლად, თუმცა მიზანს აქამდე არავის მიუღწევია. თუმცა ეს ფაქტი სავსებით არ უშლის ხელს სხვა მამაკაცებს თავიანთი ბედ-იღბალის ცდაში. ისინიც ემონებიან ზია-ხანუმს, განსაცდელსი ამოყოფენ თავს და ასე ასრულებენ თავიანთ საგმირო საქმეს. სწორედ ასეთი ბედი გაიზიარა საფარმაც, რომელსაც ზია-ხანუმისგან ალმასხიტ ინალიფას ბედაურის მასთან მიგვრის მისია ხვდა წილად. 

ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულია, თუმცა როგორც ჩანს მეპატრონე ცხენის მარტივად დათმობას არ აპირებს. მისი ვაჟკაცობისა და უებარი ცხენოსნობის ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი და მათ დასტურად მისი იარაღი და ბედაურიც გამოდგება, რომელთა ფასის დადება სართულო საქმეა და რომელთაც ინალიფა სიცოცხლეზე მეტად უფრთხილდება. ვაჟკაცობასთან ერთად ის სილამაზითაც გამოირჩევა, რითაც მან „ქალებიც კი გადარია“.

ალმასხიტის დახასიათებას ავტორი იწყებს სიტყვით თავმომწონე, რაც არც თუ ისე კარგ წარმოდგენას გვიქმნის პერსონაჟზე, თუმცა მისი შემდგომი აღწერისას ძნელია არ მოიწონო თვალ-ტანადი ვაჟკაცი. მიუხედავად იმისა, რომ ის საფარის მეტოქეა, მკითხველი უნებურად მისადმი სიმპათიით იმსჭვალება. რასაც ვერ ვიტყვით ზია-ხანუმზე. საფარ-ბეგიც კი, რომელიც მოხიბლულია ქალის მთვარესავით სილამაზით, ვერ ახერხებს გვერდი აუაროს მის უარყოფით თვისებებსა და სირცხვილის გრძნობას, რომ ქალმა ის დაიმონა და დაამარცხა.