ისტორიული პიროვნებები

ისტორიის გაგება და გაანალიზება მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ხშირად ხალხი, იქნებიან ისინი ჩვეულებრივი ადამიანები თუ ისტორიკოსები, წარსულის ამბების გაცნობისას ზედმეტად ეყრდნობიან თანამედროვე პერსპექტივას და შესაბამისად, ბევრ ისტორიულ მოვლენასა და პიროვნებათა მოღვაწეობას უბრალოდ გარდაუვლად მიიჩნევენ. ძნელია ისინი დაადანაშაულო ილუზიებითა და სინანულით სავსე ალტერნატიული ისტორიების უარყოფაში. კაცობრიობის ისტორია ერთმანეთში გადაკლაკნილი გრძელი ჯაჭვია, მასში ცვლილების შეტანით გამოწვეული რეზულტატების ძიება კი დროის ფუჭი კარგვა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ კონკრეტულად რა მოვლენებმა გაუკვალა გზა დღეს უკვე ჩვენთვის ცნობილ პიროვნებებს.

ბუნებრივია, ყველა მათგანის ერთ ქვაბში მოხარშვა გონივრული არაა. არსებობენ ადამიანები, რომელთა ცნობადობა მთლიანად შემთხვევითობაზეა დამყარებული. რომ არა ავსტრიის ერცჰერცოგის, ფრანც ფერდინანდის მძღოლის უიღბლო და საბედისწერო მცდარი მოსახვევი სარაევოს ქუჩებში, სამყარო ვერასდროს გაიცნობდა სერბ სტუდენტს, გავრილო პრინციპს და ვინ იცის, მის მიერ გამოწვეული ოთხწლიანი ომი თავიდან თუ არ აერიდებინა, შესაძლოა რამდენიმე წლით გადაეწია მაინც.

კაცობრიობის განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ გენიოსის საქმიანობაზე. ათეულობით საუკუნის მანძილზე თითქმის სტატიკურად გაყინულმა მსოფლიომ XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო აქამდე არნახული აღმასვლა, რომელმაც სულ რაღაც ორ საუკუნეში წარმოუდგენელი კონტრასტი შექმნა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდის ხალხი რამით აღემატებოდა წინამორბედებს. უბრალოდ ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა და მრავალმა შემთხვევითობამ შექმნა პრობლემები, რომელთა გადაჭრისაკენ სწრაფვამ მოსალოდნელზე დიდი შედეგი გამოიღო. მაგალითად, რომ არა კონსტანტინოპოლის დაცემა და ინდოეთის ძიების აუცილებლობა, ძნელი წარმოსადგენია როდის აღმოაჩენდნენ ე. წ. „ახალ მსოფლიოს“, ამერიკას, და ვინ ჩაანაცვლებდა კოლუმს ამ საქმეში.

საბოლოო ჯამში სწორედ გარემო და საჭიროება წარმართავს ადამიანის მოღვაწეობას. მოვლენათა სხვაგვარი განვითარების შემთხვევაშიც კი, ძნელი წარმოსადგენია არ გვცოდნობა ლეონარდო და ვინჩის შესახებ, თუმცა უდავოა, რომ მისი საქმიანობა სულ სხვა მიმართულებას აიღებდა.