გენეტიკის მიმოხილვა

გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას და ცვალებადობას.
მემკვიდრეობითობა არის ორგანიზმის თვისება, შეინარჩუნოს და შთამომავლობას გადასცეს წინაპრებისაგან მიღებული აგებულებისა და განვითარების თავისებურებანი. ცვალებადობა არის ორგანიზმის ნიშან-თვისება შეიძინოს ახალი ნიშან-თვისებები სახეობის ფარგლებში.

გენეტიკის, როგორც მეცნიერების ფუძემდებლად ითვლება ჩეხი მეცნიერი გრიგოლ მენდელი. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მცენარე ბარდა. იგი იყენებდა კვლევის ჰიბრიდოლოგიურ მეთოდს (აჯვარებდა განსაზღვრული ნიშნებით განსხვავებულ მშობლიურ ფორმებს) და აწარმოებდა მათ რაოდენობრივ აღწერას. მენდელმა დაადგინა შემდეგი კანონზომიერებანი:

  1. F1 თაობის ერთგვაროვნების კანონი;
  2. დათიშვის კანონი;
  3. გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი;
  4. გამეტების სიწმინდის ჰიპოთეზა.


მენდელის მიერ აღმოჩენილი კანონზომიერებანი არ იყო გაზიარებული მისი თანამედროვეების მიერ. მხოლოდ დაახლ. 30 წლის შემდეგ სამმა მეცნიემა: კორენსმა, ჩერმაკმა და დეფრიზმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხელახლა აღმოაჩინეს მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებანი, რამაც ბიძგი მისცა გენეტიკის, როგორც მეცნიერების განვითარებას. ტერმინი “გენეტიკა” შემოიღო ბეტსონმა 1905 წელს.