მუტაციური ცვალებადობა

ცვალებადობას, რომელიც იწვევს გენოტიპის ცვლას, მემკვიდრული ცვალებადობა ანუ მუტაციური ცვალებადობა ეწოდება.

მუტაციის თეორიის ფუძემდებლად ითვლება დეფრიზი. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მცენარე ენოთერია. მუტაციური თეორიის ძირითადი დებულებებია:

  1. მუტაცია ხდება უეცრად; 
  2. მიღებული ნიშან-თვისებები მემკვიდრულია; 
  3. მუტაცია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი; 
  4. მკვეთრი მემკვიდრეობითი გადახრების გარდა გაცილებით ხშირია მცირე მუტაციები, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდებიან საწყისი ფორმებისაგან. 


ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ მუტაციებს, მუტაგენები ეწოდებათ. მუტაგენებია: როენთგენის სხივები დიდი დოზით, რადიაქტიური ნივთიერებები, ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა, ქიმიური ზემოქმედება და სხვა.

*მუტაციის ფორმებია: გენური მუტაცია, რომლის დროსაც ხდება ცალკეული გენების თვისებრივი ცვლილება. გენური მუტაციის დროს ხდება ქრომოსომულ დნმ-ში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შეცვლა, ზოგიერთი ნუკლეოტიდის ამოვარდნა და ზოგიერთის ჩამატება, რაც თავისმხრივ იწვევს ახალი ცილის მოლეკულის სინთეზს, რაც იწვევს ახალი თვისებების წარმოქმნას ორგანიზმში. ქრომოსომული მუტაცია დაკავშირებულია ქრომოსომების ხილულ გარდაქმნებთან: დელეცია: ერთი ქრომოსომის ნაწილის დაკარგვა ან გადაადგილება მეორეზე, რომელიც მისი ჰომოლოგიური არაა. ინვერსია: ქრომოსომების მონაკვეთის 180 გრადუსით მობრუნება; დუპლიკაცია: ქრომოსომის გარკვეული მონაკვეთის გაორმაგება. მუტაციის განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება ქრომოსომთა რიცხვის ცვლილება. მემკვიდრული ცვალებების განსაკუთრებული ტიპია პოლიპლოიდია, რაც ქრომოსომთა რიცხვის ჯერადი გადიდებას ნიშნავს. სომატური მუტაციები ხდება სომატურ (არასქესობრივ) უჯრედებში, იგი არამემკვიდრულია თუ გამრავლება არ ხდება ამ უჯრედებით.

მუტაციის სიხშირის დადგენა ძნელია, ვინაიდან მუტაციების უმრავლესობა რეცესიულია და ფენოტიპურად არ ვლინდება. ბუნებრივ პირობებში ცალკე აღებული გენის მუტაცია ძალზე იშვიათად ხდება, ამიტომ გენს ახასიათებს შედარებითი მდგრადობა. მუტაციის უნარი გენის ერთ-ერთი თვისებაა.

მუტაციის ბიოლოგიური მნიშვნელობა: იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისთვის. მუტაციის მნიშვნელობა მედიცინისთვის: მრავალჯერადი მუტაცია ორგანიზმისთვის არასასურველია.

(რა განსხვავებაა მუტაციასა და კომბინაციურ ცვალებადობას შორის? ორივე მემკვიდრულია, თუმცა მუტაციური ცვალებადობის დროს წარმოიქმნება ახალი გენები, ხოლო კომბინაციის დროს უკვე არსებული გენები რეკომბინირდება)