საჭმლის მომნელებელი სისტემა

საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუდან. აქ ვხვდებით კბილებს ენას და ნერწყვს. ადამიანს აქვს 32 კბილი. კბილები იყოფიან სამ ნაწილად: მჭრელი, ეშვები და ძირითადი კბილები. ისინი შედგებიან მინანქრისაგან, დენტინისა და პულპისაგან. მინანქარი გარს აკრავს ღრუს ხოლო დენტინსა და პულპაში მოთავსებულია სისხლძარღვები და ნერვები. ენა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კუნთია ადამიანის ორგანიზმში. მასზე ვხვდებით გემოვნების რეცეპტორებს. კბილებისგან დაქუცმაცებული საკვები გუნდავდება ენის დახმარებით. ნერწყვი არის ბლანტი სითხე რომელიც წარმოიქმნება სანერწყვე ჯირკვლებში. პირის ღრუში ვხვდებით ბევრ ასეთ ჯირკვალს, მაგრამ გამოარჩევენ სამ ძირითადს - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. ნერწყვი ასველებს საკვებს და აიოლებს მის გადაყლაპვას, ასევე ნაწილობრივ შლის ნახშირწყლებს და ანადგურებს პირის ღრუში მოხვედრილ ბაქტერიებს. ყლაპვის რეფლექსი წარმოიქმნება ენის ძირის გაღიზიანების შედეგად. ამ დროს სპეციალური ხრტილი ხორხსარქველი ხურავს სასუნთქ გზებს, რომ არ მოხდეს მათი გადასვლა სასუნთ გზაში და საკვები აუცილებლად მოხვდეს საყლაპავში. საყლაპავი არის ღრუ გლუვკუნთოვანი ორგანო, რომელშიც საკვები გადაადგილდება პერისტალტიკის (ტალღისებური მოძრაობა) მეშვეობით. საყლაპავიდან საკვები ხვდება კუჭში. კუჭი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველაზე ფართო უბანია. კუჭში ვხვდებით კუჭის წვენს, რომელიც შედგება მარილმჟავისგან, ლორწოსგან და პეპსინისაგან. მარილმჟავა ანადგურებს ბაქტერიებს და ააქტიურებს პეპსინს. პეპსინი მონაწილეობს ცილების დაშლაში. ლორწოთი არის დაფარული კუჭის კედლების შიგნითა ნაწილი რათა მჟავამ არ მოინელოს და დაშალოს იგი. კუჭიდან საკვები გადადის ნაწლავებში. ნაწლავები იყოფა მსხვილ და წვრილ ნაწავად. კუჭს უკავშირდება წვრილი ნაწლავი - კერძოდ 12გოჯა. მასში იხსნება ღვიძლისა და პანკრეასის სადინარები. ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც ააქტიურებს პანკრეასის ფერმენტებს და ახდენს ცხიმის მოლეკულის ემულგირებას. პანკრეასის ფერმენტები უმარტივეს ფორმებამდე შლიან ცილებს ცხიმებს ნახშირწყლებს და ნუკლეინის მჟავებს. წვრილი ნაწლავის სხვა უბნებში ვხვდებით სპეციალურ ხაოებს, რომლებიც იწოვენ დაშლილ ნივთიერებებს მათში არსებული სისხლ-ძარღების მეშვეობით. ნაწლავებიდან გამოსული სისხლი პირველ რიგში გაივლის ღვიძლს, რომელიც მთავარ ბარიერულ ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. წვრილი ნაწავიდან საკვები გადადის მსხვილ ნაწლავში. მათი შეერთების ადგილას ვხვდებით ბრმა ნაწლავს და მის წანაზარდს ჭია ნაწლავს ანუ აპენდიქსს. მსხვილ ნაწლავში ხდება წყლის შეწოვა და ფეკალური მასების ფორმირება. მის საბოლოო უბანს წარმოადგენს სწორი ნაწლავი საიდანაც ხდება დეფეკაცია.